რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა
გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წეს. მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი შედარებით ახალი ფენომენია და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს სათანადო გარემოს შესაქმნელად.
ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას და პროდუქტიულობას და შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას.
მაგრამ, მიუხედავად სანდო მტკიცებულებებისა, რომლებიც ცხადყოფს ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას სიღარიბის აღმოფხვრისთვის, განვითარების ხელშეწყობისთვის და მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, გენდერული თანასწორობა მიუღწეველ პირობად რჩება.
ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია - მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობა, ეკონომიკური დისკრიმინაცია, უთანასწორობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზიანო ტრადიციული პრაქტიკა - უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და მდგრადი ფორმაა. ჰუმანიტარული კრიზისების, განსაკუთრებით კი შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ქალები და გოგონები საშინელ სირთულეებს და გაჭირვებას განიცდიან.
30-ზე წელიწადზე მეტია გაეროს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს, ხელს უწყობს საკანონმდებლო და პოლიტიკურ რეფორმებს, გენდერულად სენსიტიური მონაცემების შეგროვებას, ასევე მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს ქალთა ჯანმრთელობას და ხელს უწყობს მათი ცხოვრებისეული არჩევანის გაფართოებას.
გენდერული თანასწორობის სურათი დღევანდელ საქართველოში
საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტანზანია, განა, ვიეტნამი, უზბეკეთი და ნიკარაგუა; ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი; ყოველი მეთერთმეტე ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 35%-ზე მეტი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ეკონომიკურ ზეწოლას; საქართველო მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების, იგივე დაუბადებელ ბავშვთა სქესობრივი ნიშნით მკვლელობების, თვალსაზრისით. ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც ბიჭის, როგორც “მემკვიდრის” დაბადება უფრო სასურველია, ყოველწლიურად ათასობით გოგონა ხდება სქესის ნიშნით ნაყოფის მუცელშივე მკვლელობების მსხვერპლი.
ქალები თითქმის საზარალო მდგომარეობაში არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისითაც: ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალი), აღმასრულებელ ხელისუფლებასა (18 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალი) და კერძო სექტორში. მართალია, პროცენტულად ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ თანამდებობრივ საფეხურებზეა წარმოდგენილი, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს ეკუთვნით (მაგ. საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილია 2318 მამაკაცი და 298 ქალი). კულტურულად კონსერვატულ საქართველოში შრომით ბაზარზე წარმატებული ქალების ნაკლებობას მავანნი ქალებისვე არჩევნით ხსნიან. ამ მოსაზრების მომხრენი მიიჩნევენ, რომ ქალებისათვის ბევრად სასურველია მოირგონ ნაკლებად აქტიური, თუნდაც ნაკლებად პრესტიჟული პროფესიული როლები იმისათვის, რომ ოჯახსა და შვილების აღზრდას მეტი დრო დაუთმონ.
No comments:
Post a Comment